დიპლომირებული მედიკოსის ამერიკული პროგრამა შემუშავებულია და ხორციელდება თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტისა და ემორის უნივერსიტეტის (აშშ, ატლანტა) სამედიცინო სკოლის ერთობლივი პროექტის საფუძველზე. პროგრამა უზრუნველყოფს თანამედროვე დასავლური სტანდარტის სამედიცინო განათლების მიწოდებას. აშშ-ის სამედიცინო სალიცენზიო გამოცდებისთვის (USMLE) მომზადება პროგრამის ერთ-ერთ პრიორიტეტია. ინგლისურენოვანი სწავლება და პროგრამის სტრუქტურა სტუდენტს უადვილებს, უნივერსიტეტში სწავლის დროს ჩააბაროს აშშ-ის რეზიდენტურის სალიცენზიო გამოცდები: USMLE Step 1, Step 2. პროგრამის წარჩინებულ სტუდენტებს საშუალება აქვთ, კლინიკური სწავლების გარკვეული ეტაპები გაიარონ ემორის უნივერსიტეტში (ატლანტა, აშშ). სწავლის დასრულების შემდეგ კურსდამთავრებულს ენიჭება დიპლომირებული მედიკოსის აკადემიური ხარისხი.
დიპლომირებული მედიკოსის ამერიკული პროგრამის მიზანია:
• აღზარდოს საერთაშორისო მასშტაბით კონკურენტუნარიანი და კომპეტენტური ექიმი, რომელიც მზად არის დიპლომისშემდგომი განათლების მისაღებად როგორც საქართველოში, ისე მის საზღვრებს გარეთ.
• სწავლების ადრეულ ეტაპზე სტუდენტს განუვითაროს კლინიკური და სამეცნიერო მუშაობის უნარ-ჩვევები.
• მომავალ ექიმს განუვითაროს უწყვეტი პროფესიული ზრდის და განვითარების დახელოვნების მოტივაცია.